უწყვეტი კვების წყაროს (UPS) დანიშნულებაა დაიცვას თქვენი ელექტრო მოწყობილობები ქსელში წყვეტის, არასტაბილურობის ან დენის ვარდნის დროს და გარკვეული პერიოდით უზრუნველყოს მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

UPS-ების ყველაზე გავრცელებული ტიპებია:

  • Standby (მომლოდინე რეჟიმის)

  • Line Interactive (ხაზოვან ინტერაქტიული)

  • Double Conversion / Online (ორმაგი გარდაქმნით)

თითოეული ეს UPS გამოირჩევა თავისებური მუშაობის პრინციპით და შესაბამისად განკუთვნილია სხვადასხვა ტიპისა და კრიტიკულობის მოწყობილობებისთვის. ცოტა უფრო დეტალური ინფორმაცია მათ თავისებურებებზე შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

Standby UPS – არის ბაზური ტიპის კვების წყარო, რომელიც ძირითადად სამომხმარებლო ელექტრონიკისა და საწყისი დონის საოფისე მოწყობილობებისთვისაა განკუთვნილი (მაგ: Wi-Fi წვდომის წერტილი, პრინტერი, პერსონალური კომპიუტერი და სხვ.). გარე ელექტრომომარაგების წყვეტის შემთხვევაში, UPS ერთვება შიდა აკუმულატორზე და გარდაქმნის გამომავალ მუხტს ცვლად დენში (AC), რათა მისი მეშვეობით გამოკვებოს დაერთებული მოწყობილობები. ამ ტიპის UPS-ები არ გამოირჩევიან დაცვის მრავალფეროვანი ფუნქციებით, ამიტომ ბიზნეს-კრიტიკული სისტემებისთვის მათი გამოყენება არაა რეკომენდირებული.

Line Interactive UPS – განსხვავებით ბაზური Standby UPS-ებისგან, არასასურველი პარამეტრების შემომავალი დენის შემთხვევაში, იგი ყოველთვის არ გადადის აკუმულატორიდან მუშაობაზე. მას გააჩნია შიდა ტრანსფორმატორი, რაც საშუალებას აძლევს მცირე დიაპაზონში გაფილტროს და დაარეგულიროს შემომავალი დაბალი თუ მაღალი ძაბვა, გაასწოროს და ისე მიაწოდოს დაერთებულ მოწყობილობებს. რითაც დამატებით ახანგრძლივებს აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობას და ზრდის UPS-ის გამოყენების ვადას. მიუხედავად აღნიშნული ფუნქციებისა, Line Interactive UPS გამოიყენება მაინც დაბალი კრიტიკულობის სისტემებისთვის, ასე მაგალითად: სახლის კინოთეატრი, საოფისე ტექნიკა, მომხმარებლის კომპიუტერი თუ ბაზური დონის სერვერები.

Double Conversion UPS – ასევე ცნობილია სახელით „ონლაინ UPS”, ფუნქციონირებს ორმაგი გარდაქმნის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ იგი შემომავალ ცვლად დენს (AC) გარდაქმნის მუდმივ დენზე (DC), ხოლო შემდეგ კი კვლავ ცვლადზე (AC). დაერთებული მოწყობილობების კვებაში წყვეტა რომ სრულიად აღმოფხვრას დენს ინახავს კონდენსატორებში, ძაბვას მუდმივად გვაწვდის ინვერტორიდან, ამიტომ აკუმულატორებზე გადასვლის დრო 0 (ნული) მილიწამია. ამიტომაც ონლაინ UPS-ების გამოყენება რეკომენდირებულია ბიზნეს-კრიტიკულ სისტემებში, როგორებიცაა: სატელეკომუნიკაციო სისტემები, სერვერები, მონაცემთა ცენტრები, სამედიცინო აპარატურა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები თუ სხვა საოფისე-საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ონლაინ ტიპის უწყვეტი კვების წყაროების ნაირსახეობაა ე.წ. „ინდუსტრიული სისტემები“ რომელთა გამოყენებაც ხდება სხვადასხვა საწარმოო პროცესში და ისინი გამოირჩევიან გაძლიერებული მდგრადობით აგრესიული გარემო პირობების მიმართ (მაღალი და დაბალი ტემპერატურები, ელექტრომაგნიტური ველები, ვიბრაცია, მტვერი და ა.შ.). აქვთ მაღალი გამძლეობა პიკური დატვირთვების მიმართ და აკუმულატორიდან კვების მიწოდების გახანგრძლივებული შესაძლებლობები.

ასევე გავრცელებული ტიპია მოდულური ონლაინ UPS-ები, რომელშიც სასურველი სიმძლავრე მიღწეულია მოდულების რაოდენობით, რის გამოც მარტივდება სისტემის სამომავლო გაფართოვება. იმავდროულად, მოდულების ერთმანეთთან დაკავშირების კომბინაციებით შესაძლებელი ხდება სისტემის საიმედოობის გაზრდა სასურველ დონემდე (N+1, 2N, 2N+1..).

სხვადასხვა მწარმოებლის ონლაინ UPS-ები, მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე,   აღჭურვილი არიან მრავალფეროვანი და განსხვავებული ფუნქციონალით, რაც აადვილებს მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ზრდის საიმედოობას და ამცირებს დანახარჯებს.