ზოგადად, დზ/გენერატორები მზადდება შემდეგი შესრულებით:
  • ღია ტიპის
  • დახურული ტიპის
  • კონტეინერში განთავსებული ტიპის.

ღია ტიპის დზ/გენერატორები, რომლებიც მონტაჟდება კონტეინერებში მზადდება სტაცინარული შესრულებით (ზოგ შემთხვევაში კონტეინერში განთავსებულ აგრეგატებს ამონტაჟებენ ტრაილერებზე), ხოლო დახურული ტიპის – სტაციონარულ და მოძრავი.

ბოლო შემთხვევებში აგრეგატები მონტაჟდება ძარაზე. ღია ტიპის დიზელის ელექტრო სადგურები მზადდება პრაქტიკულად ნებისმიერი სიმძლავრის ( 2-3 კვტ-დან, რამოდენიმე მგვტ-ის ჩათვლით), ერთი და სამფაზიანი, გენერატორები 220 V 50 Hz (ერთფაზიანი), 380; 6300 და 10500 ვლტ, 50 ჰც (სამფაზიანი), ჰაერის (დაბალი სიმძლავრის), წყალი-ჰაერის და წყალი-წყალის გაგრილებით (საშუალო და მაღალი სიმძლავრის). ასეთი ტიპის აგრეგატები ძირითადად მონტაჟდება დახურულ გათბობის მქონე შენობებში.

იმ შემთხვევებში, როდესაც ეკონომიური ან ტექნიკური თვალსაზრისით, დზ/გენერატორის განთავსებისათვის ცალკე მდგომი შენობის აშენება, ან არსებულ შენობაში მოთხოვნების შესაბამისი სათავსოს გამოყოფა ვერ ხერხდება, ამონტაჟებენ დახურული ტიპის დზ/გენერატორებს, რომელთა ძირითადი კვანძები დაცულნი არიან გარეგანი, ატმოსფერული და სხვა ტიპის ზემოქმედებისგან.

ამავდროულად, დახურული ტიპის დზ/გენერატორები მუშაობისას გამოსცემენ ნაკლებ ხმაურს.

დახურული ტიპის დზ/გენერატორები მზადდება შემდეგი შესრულებით:
  • ატმოსფერული ზემოქმედებისგან დაცულობით
  • ატმოსფერული ზემოქმედებისგან დაცულობით; ხმაურის დონის იზოლაციით
  • ატმოსფერული ზემოქმედებისგან დაცულობით; ხმაურის დონის მომატებული იზოლაციით

ყველა მათგანი შესაძლებელია განთავსდეს როგორც გადახურული კონსტრუქციის ქვეშ (რეკომენდირებული), ასევე ღია ცის ქვეშ.

მოძრავი დზ/გენერატორები ძარაზე, მზადდება მხოლოდ დახურული ტიპის შესრულებით. ძარა მზადდება ერთღერძიანი-დაბალი სიმძლავრის და მცირე წონის შემთხვევაში, და ორღერძიანი-საშუალო და მაღალი სიმძლავრის დიზელის ელექტრო სადგურებისათვის. ყველა ძარა, ექსპლოატაციის გამარტივებისათვის აღჭურვილია საყრდენი ბორბლით, ხელისა და სადგომი მუხრუჭით.

დახურული ტიპის დზ/გენერატორების ნაკლად მიიჩნევა მათი შედარებით მცირე გაბარიტები, რაც აძნელებს აგრეგატის მექანიზმებთან და სხვა შემადგენელ ნაწილებთან წვდომას. აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელს ხდის, კორპუსის მოხსნის გარეშე, სარემონტო სამუშაოების შესრულებას. რაც ღია ცის ქვეშ, მთელ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა დაუშვებელიც კი იყოს.

ოპტიმალურად მიიჩნევა, დზ/გენერატორის განთავსება კონტეინერში. ამ შემთხვევაში აგრეგატი დაცულია როგორც ატმოსფერული, ასევე, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებებისაგან, მუშაობის პროცესში აგრეგატი გამოსცემს ნაკლებ ხმაურს, სარემონტო სამუშაოები სრულდება თბილ, საკმარისი ფართობის და მოცულობის მქონე სივრცეში.

კონტეინერის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია გამათბობლის მონტაჟი, კვანძებთან და მექანიზმებთან გაადვილებული წვდომა, ასევე, გასავლელები და სპეციალური მოედნები, განკუთვნილი სარემონტო ან შესაცვლელი კვანძების, ნაწილებისა და სამუშაო ინსტრუმენტების განსათავსებლად,

კონტეინერზე მონტაჟდება მოძრავი ტიპის ცხაურები, რომლებიც დზ/გენერატორის გაშვებასთან ერთად ავტომატურად იხსნება, ხოლო გაჩერების შემთხვევაში-იკეტება. აღნიშნული საშუალებას იძლევა შემცირდეს გამათბობლის სიმძლავრე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში დაბალი ტემპერატურის დროს.

კონტეინერებში ამონტაჟებენ შემდეგი ტიპის დზ/გენერატორებს:
  • ატმოსფერული ზემოქმედებისაგან დაცული;
  • ატმოსფერული ზემოქმედებისაგან დაცული; ხმაურის დონის იზოლაციით.

ცივი კლიმატური პირობებისათვის განკუთვნილი დზ/გენერატორების კონტეინერები და კორპუსები მზადდება სპეციალური სიცივემდგრადი ფოლადისაგან, რომელიც საგრძნობლად, თითქმის ორჯერ აძვირებს მათ ფასს.

დზ/გენერატორების განთავსების და მონტაჟის ძირითადი რეკომენდაციები:
ღია ტიპის დზ/გენერატორები:
  • არ არის რეკომენდირებული დზ/გენერატორის მონტაჟი საცხოვრებელ და საჯარო დანიშნულების შენობებში, მათ მიშენებებში, სწრაფად ალებადი და წვადი პროდუქციის საწყობებში
  • დამონტაჟებული აგრეგატი უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების ნორმებს, სარემონტო სამუშაოების შესრულება იყოს გამარტივებული, უნდა იყოს გათვალისწინებული ამწე-სატრანსპორტო საშუალებები (საჭიროების შემთხვევაში)-ტალი, ტელფერი, ამწე
  • დზ/გენერატორთან ერთად, კორპუსში განთავსებული უნდა იყოს მართვის მთავარი ფარი, სახარჯი საწვავისა და ზეთის ავზები, აკუმულატორული ბატარეები და გამანაწილებელი მოწყობილობები;
  • დზ/გენერატორის ტექნოლოგიური და საკაბელო არხები გადახურული უნდა იყოს ხანძარმედეგი მასალისაგან დამზადებული და სადრენაჟე სისტემით აღჭურვილი, მოხსნადი ფილებით ან ფარებით, რომელთა წონა არ უნდა აღემატებოდეს 50 კგ-ს ;
  • დზ/გენერატორი, დამხმარე და საწვავის მოწყობილობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს საიმედო დამიწების სისტემით;
  • ექსპლოატაციისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების გამარტივებისათვის, რეკომენდირებულია შემდეგი კორპუსიდან შენობის ელემენტებამდე მინიმალური მანძილების დაცვა: დზ/გენერატორის წინა ნაწილიდან კედლამდე 500 კვტ-მდე -1მეტრი; 500 კვტ-ზე ზევით-2 მეტრი; დზ/გენერატორსა და კედელს შორის – 1,5 მეტრი (მომსახურე მხრიდან); დზ/გენერატორსა და კედელს შორის – 1,5 მეტრი (არამომსახურე მხრიდან); სათავსოს შენობის სიმაღლე-არანაკლებ 3,6 მეტრი; გამონაბოლქვის ხმისდამხშობი მონტაჟდება შენობის სახურავზე და გამონაბოლქვის მილი უნდა სრულდებოდეს 45°-იანი ჭრილით ან შენობის საწინააღმდეგოდ მიმართული 90°-იანი განშტოებით; მილის სიმაღლე სახურავთან მიმართებაში არანაკლებ 2 მეტრის უნდა იყოს; სახარჯი საწვავის ავზები შესაძლებელია განთავსებული იყოს ძარაში ან გენერატორთან ახლოს; გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური განათება; გათვალისწინებული უნდა იყოს მიდინებითი და გამწოვი ვენტილაცია, ასევე, გამონაბოლქვი აირების მილების შემოფარგვლა; სამონტაჟო მოედნის საძირკველი დაზადებული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
კონტეინერში განთავსებული დზ/გენერატორი:
  • დზ/გენერატორიანი კონტეინერი უნდა განთავსდეს 150 მმ-იანი სიმაღლის ბეტონის საძირკველზე, ხოლო ფართობი გამოითვლება კონსტრუქციის მასის ზეწოლის გრუნტზე გათვალისწინებით
  • კონტეინერი უნდა განთავსდეს ისე, რომ ცხაურებიდან უახლოეს შენობამდე ან მოწყობილობამდე მანძილი იყოს არანაკლებ 1,5 მეტრისა
  • კონტეინერთან ახლოს გათვალისწინებული უნდა იყოს საწვავის ავარიული დამცლელი ჭა შესაბამისი მილგაყვანილობით
  • კონტეინერი და მასში დამონტაჟებული მოწყობილობები უნდა იყოს საიმედოდ დამიწებული
დახურული ტიპის დზ/გენერატორები:
  • შენობაში განთავსებული ამგვარი ტიპის დზ/გენერატორებისათვის იხელმძღვანელეთ ღია ტიპის დზ/გენერატორებისათვის განკუთვნილი რეკომენდაციებით
  • გადახურული კონსტრუქციის ქვეშ განთავსებული ამგვარი ტიპის დზ/გენერატორებისათვის იხელმძღვანელეთ კონტეინერში განთავსებული დზ/გენერატორებისათვის განკუთვნილი რეკომენდაციებით.